აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 იანვარს
კიევში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან
19 იანვარს უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩადის. ომის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინაში ის მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
ამის შემდეგ ის ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან გადაინაცვლებს, სადაც გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს, ასევე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით ბერლინში რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ისაუბრებენ.
მედიის ინფორმაციით, პარასკევს ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ შეეცდება რუსეთთან დიპლომატიურ ფორმატში საუბარს და ამ მიზნით ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. ეს მისი მეორე საუბარი იქნება ლავროვთან ამ კვირაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კიევში გამგზავრებამდე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ევროპაში უსაფრთხოებაზე ტელეფონით ისაუბრეს.
მიმდინარე მოვლენების ფონზე „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით რუსეთმა საკუთარი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები კიევისა და ლვოვის საკონსულოებიდან გაიყვანა.
გამოცემის თანამოსაუბრე ამტკიცებს, რომ 18-მა ადამიანმა, ძირითადად რუსი დიპლომატების ცოლებმა და ბავშვებმა, უკრაინა 5 იანვარს დატოვეს. კიდევ დაახლოებით 30 ადამიანი კიევში მდებარე რუსეთის საელჩოდან და ლვოვის საკონსულოდან მომდევნო დღეებში გაემგზავრა.
მზარდი საფრთხეების ფონზე უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს. 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება კიევისთვის.
თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ დევნილები გადაიყვანონ სანატორიუმ „ქართლის" შენობიდან
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების მდგომარეობის შესახებ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ავარიული შენობის მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ ადეკვატური პირობებით.
„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.
სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ამ თემაზე ზოგადი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სამინისტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს დევნილების პრობლემის მოგვარებაზე და რომ ეს საკითხი მათთვის პრიორიტეტულია.
წაიკითხე მეტი.
დღეს პეტრო პოროშენკოს სასამართლო გაიმართება
19 იანვარს განახლდება უკრაინის ექსპრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სასამართლო პროცესი, რომელიც 17 იანვარს, დღეისთვის გადაიდო. პროცესზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ბრალდების მხარემ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ან პატიმრობის, ან 1 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მისჯა ოფიციალურად მოითხოვა.
გამოძიების ვერსიით, პოროშენკო 2014 წელს გარიგებაში შევიდა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთან, ვიქტორ მედვედჩუკთან, და რამდენიმე სხვა პირთან, რათა მოეგვარებინა ქვანახშირის მოწოდება დონბასიდან, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს. მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებენ ბრალს.
წაიკითხე მეტი.
HRW-ისა და SJSU-ის ანგარიში განგაშს ტეხს ავღანეთში ქალთა უფლებების შესახებ
ახალი ანგარიშის თანახმად, თალიბანის მმართველობას „გამანადგურებელი გავლენა“ აქვს ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში „ვირტუალურ მძევლებად“ იქცნენ მას შემდეგ, რაც გასამხედროებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ შარშან აგვისტოში ჩაგდო ხელში ძალაუფლება.
Human Rights Watch-მა (HRW) და სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SJSU) ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა შეისწავლეს ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქალების მდგომარეობა პროვინცია ღაზნიში და 18 იანვარს გამოაქვეყნეს დასკვნები.
12 აგვისტოს ქალაქ ღაზნის დაკავების შემდეგ, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ქაბულს ჩაიგდებდნენ ხელში, თალიბებმა დაამყარეს რეჟიმი, რომელმაც შეუქმნა „უზარმაზარი ბარიერები ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობასა და განათლებას, შეზღუდა გადაადგილების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მრავალ მათგანს მოუსპო შემოსავლის წყარო,“ ნათქვამია ანგარიშში.
წაიკითხე მეტი.
ეს უნდა ესმოდეთ
ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაცოცხლებული პოლემიკა ელენე დარიანის ვინაობისა თუ დარიანული ციკლის ლექსების ავტორობის გარშემო (პაოლო იაშვილის მისტიფიკაცია თუ ელენე ბაქრაძის ფსევდონიმი?), ბედის ირონიამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მოულოდნელად, დაბალი კულტურის, გნებავთ, საქმის გარჩევის მცდელობაში გადაზარდა. მიზანი ქართული პოლიტიკის ზერელე დამკვირვებლისთვისაც კი მარტივი ამოსაცნობია: „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი ცდილობს წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ გამოცემისას გაპარული შეცდომების მძიმე დანაშაულად გასაღებას და, ამის გამო, მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძესთან სათანადო ანგარიშსწორებას, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების როგორც ტონი, ასევე შინაარსი:
„აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს... კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა.“
კულტურის სამინისტროს მიერ გადახდილი მადლობა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ლიტერატურის მუზეუმი ცდილობდა დაემალა შეცდომა, არადა ლაშა ბაქრაძემ ჯერ კიდევ იანვრის პირველ დღეებში საჯაროდ- მის ფეისბუკის გვერდზე - აღიარა "სამწუხარო შეცდომა" და იქვე თქვა, რომ გამოსავალი, ტირაჟში, რომელიც ჯერ არ იყო გავრცელებული, „შეცდომების გასწორების ფურცლის“ ჩადება ან ჩაკვრა იქნებოდა.
შეცდომების ფურცელი არაერთ ლიტერატურაში, საგამომცემლო-პოლიგრაფიულ ცნობარებსა თუ ლექსიკონებში გვხვდება. ფურცლები, რომლებიც ფაქტობრივ, სინტაქსურ თუ აზრობრივ შეცდომებზე მიუთითებს, საგამომცემლო საქმიანობისთვის უცხო არაა.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგში.
რაჭული ციგით - ხისგან გამოთლილი დომბურით - სრიალი ზემო რაჭის სოფელ გლოლაში ბავშვების და ახალგაზრდების მთავარი გასართობი და ზამთრის უცვლელი რიტუალი იყო. მაშინ გლოლაში ახალგაზრდაც ბევრი ცხოვრობდა და ბავშვიც. იყო ზამთრები, როცა სამოცი მოსრიალე გროვდებოდა. დომბურებს, როგორც წესი, ბაბუები უკეთებდნენ.
ციგის კეთება სოფელში ჯერ კიდევ ბევრს ეხერხება, ხელობა ახალგაზრდებმაც ისწავლეს, მაგრამ რაც დრო გადის, გლოლაში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. 300-კომლიან სოფელში დღეს 90 ოჯახია დარჩენილი, უმრავლესობა პენსიონერია.
76 წლის გიორგი ხარებაშვილი და 35 წლის ილია ბიძიშვილი მეზობლები არიან. მათ უბანში 40 სახლიდან ნახევარზე მეტი დაკეტილია. წინ გრძელი ზამთარია. თან წელს თოვლიც დიდი მოვიდა, მაგრამ მიუხედავად სოფლის დაცლით გამოწვეული დიდი სევდისა, გლოლაში მაინც არ ივიწყებენ დომბურებით სრიალის ძველ, კეთილ ტრადიციას.