რუსეთში სასამართლომ ლიცენზია ჩამოართვა ავტორიტეტიან დამოუკიდებელ გამოცემას, "ნოვაია გაზეტას"
მოსკოვის სასამართლომ ლიცენზია ჩამოართვა "ნოვაია გაზეტას" - დამოუკიდებელ გამოცემას, რომლის დაარსებაც ნაწილობრივ დაფინანსდა ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ 1990 წელს მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემიის ფულით. ერთ წელზე ნაკლები დროის წინ, 2021 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა.
ბასმანის საოლქო სასამართლომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოცემის ლიცენზია გააუქმა ქვეყნის მედიის მარეგულირებელი უწყების, როსკომნადზორის თხოვნის საფუძველზე. რუსეთის ამ, ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი გამოცემის წინააღმდეგ როსკომნადზორმა საჩივარი შეიტანა ივლისის ბოლოს - განაცხადა, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ გაზეთის სარედაქციო საბჭომ იუსტიციის სამინისტროს ვერ წარუდგინა გამოცემის ახალი ქარტია. "ნოვაია გაზეტას" ადვოკატები კი აცხადებენ, რომ 2006 წელს განხორციელებული ცვლილებები არ საჭიროებდა ქარტიის წარდგენას სახელმწიფო უწყებებისთვის.
"ეს არის მორყეული და სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს" - წერს მურატოვი ტვიტერით Novaya gazeta. Europe-ის გვერდზე. მურატოვი დასძენს, რომ გამოცემა განაჩენს გაასაჩივრებს.
"ნოვაია გაზეტა" 1993 წელს გამოვიდა და ბოლო დრომდე რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან გამოცემად პოსტ-საბჭოთა რუსეთში. ქვეყნის შიგნით გამოსვლა მან მარტში შეწყვიტა, მას მერე, რაც იძულებული გახდა ვებსაიტიდან აეღო მასალები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.
"'ნოვაია გაზეტას' წინააღმდეგ მიღებული განაჩენი მორიგი დარტყმაა რუსეთის მედიის დამოუკიდებლობაზე" - წერს გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის პრესმდივანი, რავინა შამდასანი განცხადებაში და დასძენს, რომ მედიის მუშაობა კიდევ უფრო გართულდა იმ ლეგალური შეზღუდვებით და მზარდი სახელმწიფო კონტროლით, რომლებიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის თავდასხმას უკრაინაზე.
მას მერე, რაც გაზეთმა გამოსვლა შეწყვიტა რუსეთში, ავტორთა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და ლატვიის დედაქალაქ რიგიდან შექმნა ახალი მედიასაშუალება Novaya gazeta. Europe. როსკომნადზორმა ქვეყნის შიგნით ეს ვებსაიტიც დაბლოკა.