ევროკავშირი უკრაინას 2023 წლის ბოლომდე 18 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მომავალი წლის ბოლომდე ევროკავშირი კიევს 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას აღმოუჩენს. ევროკავშირის თანახმად, ეს სახსრები „მნიშვნელოვანწილად დაფარავს უკრაინის ფინანსურ მოთხოვნილებებს 2023 წელს“.
კვირას ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ფინანსური დახმარების პაკეტის საკითხი მომავალ კვირაში წარედგინება ევროკავშირს განსახილველად. ფონ დერ ლაიენის თქმით, ფინანსური დახმარება თვეში 1,5 მილიარდი ევრო იქნება.
„დახმარება უკიდურესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების ფორმით, რაც ასევე საპროცენტო ხარჯებსაც დაფარავს, სხვათა შორის ხელს შეუწყობს უკრაინაში რეფორმებს და მის წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ,“ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
„სხვა ძირითადმა დონორებმა უნდა გამოყონ ევროკავშირის ანალოგიური ფინანსური პაკეტები,“ აცხადებს ევროკომისია.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ვაშინგტონის პირდაპირი ფინანსური დახმარება 2023 წელს 13 მილიარდი დოლარი იქნება. უკრაინის ბიუჯეტი, რომელიც ნოემბერში მიიღო ქვეყნის პარლამენტმა, ითვალისწინებს, რომ შემოსავლების 46% მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დახმარებაზე მოდის.
სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა ისაუბრეს ასევე ახალი სანქციების შემოღების შესახებ ირანის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს კამიკაძე დრონებს აწვდის. ეს დრონები რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენება.