საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას.
"დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ", - თქვა ევროკომისარმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროგაერთიანებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
"შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.