პაპუაშვილი ეპისტოლეზე: მნიშვნელოვანია ყველამ უსმინოს საკუთარ სინდისს ანუ უფლის ხმას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ როგორც ყოველ წელს, წელსაც საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი საკითხები იყო გამოყოფილი. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა სინდისზე და მას უფლის ხმა უწოდა.
"ამ ჯერზეც ეპისტოლეშიც იყო მთავარ საკითხებზე საუბარი. გამოვყოფდი იმ საკითხს, რომელიც შეეხებოდა სინდისს - ადამიანში უფლის სიტყვას... დღევანდელ საზოგადოებაში, როდესაც ბევრი დაბნეულია, ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისის ანუ უფლის ხმას... ეპისტოლე არის ის, რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც სულიერი ცხოვრებისთვის არის გადამწყვეტი და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ხაზგასმული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ, 2022 წლის 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დადგომას აღნიშნავს, პატრიარქის ეპისტოლე გამოქვეყნდა. მისი ერთი ნაწილი სინდისს შეეხებოდა.
"ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.
სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.
ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს", - ეწერა ეპისტოლეში.