ირანის უზენაესმა ლიდერმა საპროტესტო გამოსვლებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, შაბათს, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა.
ისლამური რესპუბლიკა არეულობამ მოიცვა მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს გარდაიცვალა პოლიციის მიერ დაპატიმრებული 22 წლის ირანელი ქურთი ქალი, ამინი მას შემდეგ, რაც ის ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის სავარაუდო დარღვევის გამო დააკავეს.
ხამენეიმ, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა აქვს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ საკითხებში და ირანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ჰოსეინ აშთარის შემცვლელად გენერალი აჰმად-რეზა რადანი დანიშნა, ნათქვამია ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხამენეიმ პოლიციის დეპარტამენტს უბრძანა "გააუმჯობესოს თავისი შესაძლებლობები" და ასევე, "მოამზადოს საგანგებო ძალები უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორებისთვის".
1963 წელს დაბადებული რადანი პოლიციის უფროსის მოადგილე იყო 2008-დან 2014 წლამდე, შემდეგ კი პოლიციის სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობდა. ის მოადგილის თანამდებობაზე აშთარიმ შეცვალა, რომელიც ძალების მეთაურად 2015 წელს დაინიშნა.
რადანმა და აშთარიმ თავიანთი სამხედრო კარიერა ისლამური რევოლუციის გუშაგთა ძლევამოსილ კორპუსში დაიწყეს. პოლიციის ახალ უფროსს აშშ-მა 2010 წელს დაუნიშნა სანქციები, მოგვიანებით კი ევროპის კავშირმა, "ადამიანის უფლებების დარღვევის" გამო, ირანის 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ასევე დააწესა სანქციები მის მიმართ.
რადანის დანიშვნის შესახებ განცხადებაში, ხამენეიმ "მადლიერება და კმაყოფილება" გამოხატა აშთარის რვაწლიანი სამსახურის გამო. ირანის ხელისუფლება მიმდინარე საყოველთაო საპროტესტო აქციებს "არეულობას" უწოდებს და აცხადებს, რომ ასობით ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები, იქნა მოკლული და ათასობით - დაკავებული.