“ვლადიმერ პუტინს კრემლში მალე იულიუს კეისრის ბედის გაზიარება მოუწევს”
ბრიტანულ გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია ლორდ რიჩარდ დანატის – 2006-2009 წლებში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსის – სტატია სათაურით – “ვლადიმერ პუტინს კრემლში მალე იულიუს კეისრის ბედის გაზიარება მოუწევს: ბრძოლის ველზე განცდილი კატასტროფის გამო რუსი გენერლები, სავარაუდოდ, ხელში ბრუტუსის მახვილს აიღებენ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა უკვე დიდი ხანია, “ერთ ადგილს ტკეპნის” და წინ ვერ მიდის, უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ უკრაინაში შეჭრისას მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ კრემლის სტრატეგიულ ჩანაფიქრზე. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცები მოატყუეს – მათ ჩააგონეს, რომ უკრაინაში შედიოდნენ, როგორც გამათავისუფლებლები. ამიტომაც გასაკვირი არაა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ლოთობის პრობლემა აქვთ.
ვლადიმერ პუტინი საკუთარი ქედმაღლობისა და ამპარტავნობის მსხვერპლი გახდა: მას მტკიცედ სჯეროდა, რომ რუსულ უშიშროების სამსახურს აგენტები კიევის მთავრობაშიც ჰყავდა და ის “შიგნიდან დაინგრეოდა”, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ იყო განწყობილი და რომ რუსეთის არმია კარგ ფორმაში იმყოფებოდა და შეძლებდა კიევისთვის სწრაფი დარტყმის მიყენებას, დაიკავებდა დედაქალაქს და უკრაინის მმართველი რეჟიმის შეცვლას მოახერხებდა. მაგრამ ახლა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების ნიშნები სულ უფრო აშკარა ხდება, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება კი სულ უფრო სუსტდება.
რუსეთის პრეზიდენტმა იცის: უკრაინაში შეჭრა რომ გაამართლოს, მან ის ოთხი ოლქი მაინც სრულად უნდა დაიკავოს და შეინარჩუნოს, რომლებიც მან გასული წლის შემოდგომაზე “რუსეთის მარადიულ კუთვნილებად” გამოაცხადა, ყირიმის ჩათვლით. მაგრამ თუ ბოლო მონაცემებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, რუსეთის ძალზე რეკლამირებული ძალისხმევა კრახს განიცდის, განსაკუთრებით – უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.
ბოლო თვეებში “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლების რამდენიმე მცდელობა ქალაქ ბახმუტის დაკავების მიზნით, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უამრავ დანაკარგს იწვევს. რუსეთის სარდლობის მიერ სამხედრო ქვედანაყოფების გადაჯგუფება ბახმუტიდან სამხრეთით და ჩრდილოეთით, როგორც ჩანს, მხოლოდ ტაქტიკურ სვლას წარმოადგენს, თავდაცვითი ხაზების სტაბილიზების მიზნით და არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი შეტევისათვის ემზადება. რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, უკვე მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობის კულმინაციას.
თუ უკრაინის ოპერატიული სარდლობა შეძლებს გაბედული საერთო-საჯარისო კონტრშეტევის გეგმის შემუშავებას, მაშინ მან რუსეთის არმიას გადამწყვეტი დარტყმები ამ ზაფხულს უნდა მიაყენოს. კარგად მომზადებული და განხორციელებული შეტევა, ტანკებისა და ქვეითთა ჯავშანმანქანების თანხლებით, რომელსაც არტილერია, სარაკეტო კომპლექსები და ავიაციაც მხარს დაუჭერს, ბოლოსდაბოლოს, რუსების სულისკვეთებას გატეხს და რუსულ არმიას კისერს მოუგრეხს.