„ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის" - ხაბეიშვილი მოსამართლეებისთვის სანქციის დაწესებაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის
„მოგეხსენებათ, 4 მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, ამ კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.
ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის. იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ, გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა. მე მინდა მივმართო მათ: დაფიქრდით, სად მიჰყვებით რუს ოლიგარქს. მინდა ასევე პროკურორებს მივმართო, სუს-ის უფროს ბატონ ლილუაშვილს, შსს მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს არ ვლაპარაკობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ანადგურებენ, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის. შემდეგ, რიგში ხართ თქვენ, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს, 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".