იაგო ხვიჩია: მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს აქციის მონაწილეებს
„მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს აქციის მონაწილეებს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა გრიგორიადისი დამნაშავე.
„მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს ამ აქციაზე მონაწილე ახალგაზრდებს, როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი. ამიტომ, ამ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ, რომ მათი საქმე განიხილონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
ჩვენ შემოტანილი გვაქვს დიდი ხანია ეს კანონპროექტი პარლამენტში და შესაბამისად, ვნახო, საით წავა პოლიტიკური პროცესები და რამდენად გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ ამ არგუმენტაციას, მაგრამ ლაზარეს ოჯახის წევრების არგუმენტაციას ვეთანხმები და სწორი მიმართულებაა ზოგადად, ხალხმა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მურუსიძის სასამართლოს, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონ აშშ-მა კრიმინალად გამოაცხადა, ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვს“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ინფორმაციისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, 21 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დაუდგეს.