დარჩიაშვილის თქმით, სუდანში მყოფი საქართველოს ათეულობით მოქალაქე დახმარებას საჭიროებს
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. როგორც მან თქვა, სუდანში მყოფი მოქალაქეები დახმარებას საჭიროებენ.
„ჩვენ ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი ათეულობით მოქალაქე, რომელიც იმყოფება სუდანში, საჭიროებს დახმარებას და რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვახდენთ კომუნიკაციას მედიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვგულისხმობ და ყოველდღიურ რეჟიმში ვუზიარებთ ინფორმაციას ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან დღეს სუდანში, იმ გადადგმულ ნაბიჯებზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", - თქვა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვართ იმ კონკრეტული მექანიზმების გამონახვაში, რომელიც ქმედითად დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ, თუმცა ერთი, რაც შეგვიძლია (ეს ჩვენი მოვალეობაა), ვსაუბრობთ ყველა პარტნიორთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საქარველოს მოქალაქეები არ არიან სუდანში იქ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის ჩარჩენილი. მათთვის მთავარი რეკომენდაცია გაცემულია - დარჩნენ იმ ადგილებზე, სადაც ისინი არიან დღეს განთავსებულნი და მაქსიმალურად მოერიდონ ქუჩაში გადაადგილებას. ჩვენც, რა თქმა უნდა, მსგავსი რეკომენდაცია მივეცით ჩვენს მოქალაქეებს. მათ პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი სუდანიდან დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება ადგილზე მათი საჭიროებების. ამ მიმართულებითაც, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით, ყველა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება მშვიდობით და უვნებლად, რომლებიც ჩარჩენილები არიან სუდანში", - თქვა მინისტრმა.
სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, სუდანის დედაქალაქ ხართუმის აეროპორტში, სადაც ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, დაიწვა ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი.
ის სუდანის ავიაკომპანია Badr Airlines-ს აქვს იჯარით აღებული და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.
ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ერთ-ერთ თვითმფრინავს.
თუმცა, არის თუ არა ეს სწორედ Myway Airlines-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე.
სუდანში შეტაკებების დაწყების დღიდან, 15 აპრილიდან დღემდე, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტში მდგარი სულ ცოტა 14 თვითმფრინავი განადგურდა. მათ შორის, Saudia Airlines-ის, Belcanto Airlines-ის, SkyUp-ის თვითმფრინავები.
დაპირისპირებიდან მეშვიდე დღეს დედაქალაქ ხართუმში ისევ ისმის სროლის და აფეთქებების ხმა.
ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.
ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.