რუსეთი უფრო მეტს ხარჯავს ომზე, ვიდრე თავდაცვის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული - ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომზე გაწეული ხარჯები სცილდება თავდაცვის ბიუჯეტით დადგენილ ფარგლებს.
"2023 წლის ივნისის ანგარიშში სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI) შეაფასა, რომ რუსეთის ბიუჯეტში 2023 წლისთვის სამხედრო ხარჯებისთვის დაახლოებით 6.6 ტრილიონი რუბლია (85.8 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფილი. ეს რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 4.4%-ს შეადგენს მაშინ, როცა 2021 წელს, უკრაინაში შეჭრამდე, ეს ციფრი 3.6% იყო. რუსეთის რეალური სამხედრო ხარჯები კვლავ გაურკვეველია გამჭვირვალობის ნაკლებობის, კერძოდ, საიდუმლო საბიუჯეტო მუხლების გამოყენების გამო, რაც რუსეთის მთავრობის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 22%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ ნაწილი ხმარდება, ხარჯების ზრდა უკრაინაში რუსეთის ქმედებების მაღალ ფასზე მიუთითებს", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.
ბრიტანული მხარე ასევე პროგნოზირებს, რომ ომის გამო რუსეთისთვის გარდაუვალი იქნება თავდაცვის ბიუჯეტის დამატებითი ხარჯების გაღება, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში თავდაცვის ზომების გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ.