ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას მას დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
„მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები... ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული. სადაც არ უნდა წავიდე, მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სხვა ადგილი, სადაც ვიქნები. დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, კასპში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საპენსიო ასაკის დაწევის შესახებ პარტიის ინიციატივას აცნობდნენ, ხაბეიშვილს დაუზიანეს პირადი ავტომობილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრს კასპში მომხდარ ინციდენტზე რეაგირება მოსთხოვეს და განაცხადეს, რომ ახლა შემთხვევის ადგილზე მიდიან და არ მოუსმენენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა და მალე დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
„პუტინისტურმა ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენს მივემართებით სწორედ კასპში იმიტომ, რომ ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ ის და არ ვაპირებთ, რომ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში“, - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
კასპში მომხდარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „სამოქალაქო აქტივიზმი“ უწოდა: „შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს, რა არის პრობლემა?!" - თქვა მან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სიტყვებით, ლევან ხაბეიშვილი „მოსაფრთხილებელი კაცია, რადგან ის ძალიან კარგად აჩვენებს ნაცმოძრაობის სახეს“.
„რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება ნაცმოძრაობაში, მით უკეთესი... მოსაფრთხილებელი კაცია. როცა სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს, "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში.