საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინის ომის მხარდამჭერი რუსი მსახიობი
რუსი მსახიობი ვიტალი გოგუნსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Mash-ი იუწყება და ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მსახიობი უკანა რეისით მოსკოვში ბრუნდება.
ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, რომ მსახიობი, რომელიც სერიალ „უნივერში“ შესრულებული როლით გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავამდე სასაზღვრო ესკორტით მიიყვანეს.
მსახიობის დირექტორის თავრიზ შაჰიდის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება პოლიტიკური სარჩულით მიიღო.
რუსული მედიის ცნობით, გოგუნსკი „უკრაინაში სამხედრო ოპერაციას“, (რუსეთი ასე უწოდებს უკრაინაში შეჭრას) პირველი დღიდან ემხრობოდა, არაერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში კონცერტით.
თავად გოგუნსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საყვარელ გოგოსთან ერთად მიფრინავდა მაგრამ „კატეგორიულად გააბრუნეს“ ვინაიდან ხელისუფლებას „ოპოზციის შეეშინდა“
„ამბობენ, ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა ჩვენ თუ შეგვიშვებდნენ“, - თქვა მსახიობმა.
მან რუსეთის მოქალაქებს მოუწოდა თავის ქვეყანაში დაისვენონ და დაამატა, რომ „რუსი ხალხი, სხვა ბევრი ერისგან განსხვავებით ტოლერანტები არიან და ყველას ეხმარებიან“. „არაფერი განსაკუთრებული სხვა ქვეყნებში არაა, რაც არაა რუსეთში“, - ამბობს მსახიობი.
პორტალის 5- tv.ru-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც საქართველოს „ოკუპაციის შესხებ კანონის“ დარღვევაა.
საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოშვებისას გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.