ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი სააკაშვილზე: ნარჩუნდება ნელი დინამიკა გაუარესებისკენ
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია და ნარჩუნდება ნელი დინამიკა გაუარესებისკენ.
დასკვნა მომზადებულია კლინიკა „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტებით. მასში წერია:
"პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია - კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება".
"გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით... ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის - შიმშილის) მიმანიშნებელია".
"კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც".
"რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს".
"პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება)".
"ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია)".
"საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში".
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს - "გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტი განხორციელდება არაგეგმიურადაც". ჯგუფი საკუთარი მანდატის ფარგლებში წინა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შექმნა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის მაისში სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება.