გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი: სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ „სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან“.
ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი,“ რომელსაც გორის მერიიდან აცნობეს, რომ განცხადება მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„პანიკის საფუძველი არ არსებობს და მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო", ადგილობრივებთან გვაქვს კომუნიკაცია ისინი აცხადებენ, რომ პანიკისა და საფრთხის საშიშროება არ არსებობს, მოჰყავს სააგენტოს თავზარაშვილის სიტყვები. თავზარაშვილმა დასძინა, რომ „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ“.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის"ძალა ერთობაშია" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ახალ მოთხოვნას აყენებენ და ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ.
„ჩვენ აქედან მივდივართ, მაგრამ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში პატრულირებდეს ბაღებში. ჩვენ გავაგრძელებთჩვენს პატრულირებას, რასაც 21 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ საოკუპაციო ხაზთან", - განაცხადა ქაცარავამ. მის ნათქვამს სააგენტო ინტერპრესნიუსი იმოწმებს.