FAO მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ ხორცის და კვერცხის ყიდვისას
![FAO მოსახლეობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ ხორცის და კვერცხის ყიდვისას](https://gdb.rferl.org/D82CBAE1-011E-4D95-9F3D-C2098C91B595_w800_h450.jpg)
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და პროდუქტების შენახვის პირობები.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში ინახებოდეს, დაცული იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი (2-6 გრადუსი), დაცული იყო შენახვის ვადა - 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე აუცილებელია დატანილი უნდა იყოს:
• ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ასევე შენიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში.
კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა უნდა იცოდეს:
• კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
• მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე.
• მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს - სასურველია დაცული ხელებით;
• იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას.
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO წერს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.