იორდანიშვილი: პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ყველა კითხვა ამოწურულად ჩავთვალეთ
![იორდანიშვილი: პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ყველა კითხვა ამოწურულად ჩავთვალეთ](https://gdb.rferl.org/7AEEEDA4-9B87-4593-9493-BA595C19ECF5_w800_h450.jpg)
პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3“-ის მშენებელი კომპანიის, „ფერის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ მშენებლობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჩათვალეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა.
„ჩვენ ვუთხარით მოსახლეობას, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომლისთვისაც ეს არის საზიანო, ამ ჰესს არ ავაშენებთ. რამდენიმე დღის წინ, ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა, დიდი დელეგაცია იყო მთავრობის ჩასული, რამდენიმე მინისტრით, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ჰიდროლოგიური სამსახურის უფროსი, წყალმომარაგების კომპანიის უფროსი, რომლებმაც უთხრეს სავსე დარბაზში - აი, ხალხო აქ ვართ, გვკითხეთ თუ კიდევ რამე კითხვაა. ჩვენ რომ ჩავთვალეთ, რომ არ იყო რამე კითხვა, ზუსტად ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო სამუშაოები“ - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა „პრაიმ-ტაიმში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
იორდანიშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს ჯგუფს, რომელიც ზოგადად, ყველა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
„საკმაოდ ყურადსაღებია, რომ პანკისში კეთდებოდა განცხადებები, თითქოს ვინმეს მოსახლეობის შევიწროება და გადასახლება უნდა. გარკვეული ჯგუფები საზოგადოების გაღიზიანებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ,” - თქვა "ფერის" დირექტორმა.
ლაშა იორდანიშვილის მტკიცებით, მოსახლეობაში გარკვეული პროტესტის გამო, 13 თვიანი მოლაპარაკებები ჰქონდათ და არაერთ სოციალურ პროექტზე იყო შეთანხმება.
„ჩვენ ასეულობით ოჯახს დავპირდით სოციალურ პროექტებს, მათ შორის სასმელი წყლის პროექტს, ასევე იგეგმებოდა საავტომობილო ხიდის აშენება, ხეობისთვის ფონდის შექმნა, სადაც ყოველწლიურად 120 ათასი ლარი შევიდოდა. პირობა გავეცით, რომ ყველა მაცხოვრებელს მივცემდით იმ ტერიტორიის გამოყენების საშუალებას, გარდა უშუალოდ ჰესის შენობისა. გასული წლის თებერვალში, როდესაც ჰესის მშენებლობა დავიწყეთ და ამას პროტესტი მოჰყვა, შევაჩერეთ სამუშაოები და 13 თვე ვიმუშავეთ თითოეულ ოჯახთან,“ - აცხადებს იორდანიშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწდა მშენებლობის დაწყება სამართალდამცავების თანხლებით, ლაშა იორდანიშვილის მტკიცებით, ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდათ ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრებისგან აგრესიული დამოკიდებულების გამოცდილება, ამიტომ რაიმე ტიპის პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად და მშვიდ გარემოში მუშაობის უზრუნველსაყოფად მიმართეს გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელმაც სავარაუდოდ, იშუამდგომლა შსს-თან და მან ადგილზე გააყოლა 4 საპატრულო ეკიპაჟი.
ლაშა იორდანიშვილმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ „ხადორი 3“ დერივაციული ელექტროსადგურია, არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არ ხდება კერძო საკუთრების დაზიანება და არც ერთი კვადრატული მეტრის დატბორვა.
„ფერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სადგური წყალს მოიხმარს უკვე არსებული „ხადორი 2“-დან, ხეობისკენ მიემართება დაღმავალი მიმართულებით, გასცდება 20-25 ოჯახს და ამის შემდეგ უბრუნდება ისევ ალაზნის კალაპოტს და 98-99 პროცენტი მოსახლეობას ვერც კი გრძნობს თუ რაიმე შეხება აქვს ჰესს მდინარესთან.
იორდანიშვილმა სიცრუე უწოდა განცხადებებს, რომ ახალი ჰესის მშენებლობა წყალს დააშრობს. „ჯერ ერთი, გვაქვს სანიტარული ნორმა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და უნდა დავტოვოთ მდინარის კალაპოტში. გარდა ამისა, ალაზანს ამ მონაკვეთში უერთდება სამი მდინარე. შესაბამისად, გამორიცხულია მდინარე მივიდეს დაშრობამდე. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა” - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა
მედიის შეკითხვას, აპირებენ თუ არა მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, იორდანიშვილმა უპასუხა, რომ გაიზიარებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება მიიღებენ.