პანკისის ხეობაში სათემო კრება იმართება
სოფელ ჯოყოლოში პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობა სათემო კრებას მართავს. მათი თქმით, კრებაზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან და 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ მუშტად დადგებიან, ხეობაში ჰესი არ აშენდება და ისინი არ დაუშვებენ აქციის მონაწილეების დაკავებას.
„დაკითხვით დაკითხონ, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ დაიჭერენ ვინმეს, ჩვენ ყველანი ჩავალთ და ჩავბარდებით “, - განაცხადა კრების ერთ-ერთმა მონაწილემ.
სოფელ დუისის მკვიდრმა, თამაზ ბაღაკაშვილმა სთხოვა მედიის წარმომადგენლებს, რომ დატოვონ სათემო კრება და თემის წევრებს ერთმანეთთან თავისუფლად საუბრის საშუალება მისცენ. მისი თქმით, ხეობის მოსახლეობას კონფლიქტის მოგვარება უნდა.
„დიალოგის მომხრეები ვართ, აბა ომი აქ ვის უნდა?!“ - განაცხადა თამაზ ბაღაკაშვილმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.
საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.
ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია.