ირაკლი კობახიძე: რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი
„სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს დილით ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან რუსულ ენაზე გახსნა.
ამ ფაქტმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის სპიკერის ტრიბუნა შესვენების დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს. საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამენტო ასამბლეის სხვა შენობაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.