Volvo Cars-სა და Uber-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი – თვითმართვადი ავტომობილი უკვე სახეზეა
Volvo Cars-ი, ლიდერი ავტომობილების ინდუსტრიაში, და Uber-ი, ლიდერი ბრენდი სწრაფი მგზავრობის მიმართულებით, წარმოადგენენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილ სრულიად თვითმართვად, მასობრივი წარმოების ავტომობილს.
Uber-მა და Volvo Cars-მა პარტნიორობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს და მას შემდეგ რამდენიმე პროტოტიპი შექმნეს, რაც, თავის მხრივ, მიმართული იყო თვითმართვადი ავტომობილის წარმოების განვითარებისკენ. დღეს წარმოდგენილი XC90 SUV-ი პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილია, რომელიც Uber-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს უკვე შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილება.
XC90 სრულად აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რაც Uber-ს საშუალებას აძლევს, მარტივად დაამონტაჟოს თავისი თვითმართვადი სისტემა და ამით ახალი სიტყვა თქვას საავტომობილო ინდუსტრიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები Volvo Cars-ის უპილოტო ავტომობილებისთვის არის რიგი დამზღვევი სისტემები როგორც მართვისა და მუხრუჭის ფუნქციონირებაში, ისე ძრავის ფუნქციონირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი.
„ვოლვოს“ ავტომობილების დამზღვევი სისტემები, სენსორები და უსაფრთხოების სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ Uber-ის თვითმართვადი სისტემა გახდეს უფრო საიმედო და დაცული ურბანულ გარემოში გადაადგილების დროს.
Volvo Cars-ის და Uber-ის მეშვეობით ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება ავტონომიური Car Sharing-ი მძღოლის შუამავლობის გარეშე. Uber-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები გააკონტროლებენ იმ არეალებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება თვითმართვადი ავტომობილებისთვის.
დღეს გაცხადებული ინფორმაცია, თვითმართვადი ავტომობილების შესახებ არის იმ კომერციული შეთანხმების შედეგი, რომელიც Volvo Cars-მა და Uber-მა 2016 წელს შეიმუშავეს და რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში Uber-ი ათობით ათას თვითმართვად ავტომობილს მიიღებს „ვოლვოსგან“.
„ჩვენ გვჯერა, რომ თვითმართვადი ავტომობილის ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას, მეტად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება, რაზეც დგას ჩვენი კომპანია. ვვარაუდობთ, რომ შემდეგი დეკადის შუაში, ვოლვოს მიერ წარმოებული ავტომობილების მესამედი სრულიად ავტონომიური იქნება. Uber-თან შეთანხმება ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციას, გავხდეთ მთავარი მიმწოდებლები ამ ინდუსტრიაში“. – ამბობს ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
„ისეთ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობა, როგორიც „ვოლვოა“, არის მთავარი ფაქტორი, რომ ეფექტურად შევქმნათ უსაფრთხო და სანდო ავტოპარკი. დიდი ხანია, რაც „ვოლვო“ ცნობილია თავისი ძლიერი უსაფრთხოების სისტემებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვენდოთ მათ და ავირჩიოთ Uber-ის თვითმართვადი სისტემის პარტნიორად“, – ამბობს ერიკ მეიჰოფერი, Uber-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.
Volvo Cars-ი გეგმავს, მსგავსი ავტონომიური ავტომობილების კონცეფცია 2020 წლისთვის გამოიყენოს, რომლის მიხედვითაც წარდგენილი იქნება შემდეგი თაობის SPA2 ტიპის არქიტექტურისა და მონაცემების მქონე თვითმართვადი ავტომობილი, განკუთვნილი სპეციალური ზონებისთვის, როგორებიც არის ავტობანი და რკალური გზები. ავტონომიურ მართვას გზებზე უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ყველა ავტომობილი თვითმართვადი იქნება. მანამდე კი „ვოლვოს“ ტექნოლოგიებს შეუძლია, შეუმსუბუქოს მძღოლს მართვის პროცესი, მაგალითისთვის – უზრუნველყოს ავტომატური დაძვრა-გაჩერება საცობის დროს.