გიგი უგულავა: აქცია არ შეწყდება კობახიძის, გახარიასა და გომელაურის გადადგომამდე
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე უგულავამ განმარტა, რომ უკან დახევას არავინ აპირებს, ჯერჯერობით შეუსრულებელი ულტიმატუმის მიუხედავად.
პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე საათნახევრის წინ გამოცხადდა და ულტიმატუმის ვადად ერთი საათი დასახელდა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოცხადდება დაუმორჩილებლობა და „ქართულმა ოცნებამ“ მერე ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს.
"არსებულ მოთხოვნებს ემატება ის, რომ საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოპარვის საშუალება...",- განაცხადა უგულავამ.
ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცოტა ხნის წინ განაცხადა. კობახიძის თქმით, ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია.
საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.
სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით, ხმაურის ფონზე ჩაიშალა. გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა უკვე დატოვეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო.