ვასაძე ივანიშვილს: რაც გინდა ქენი, არაფრის მეშინია
„გამოვედი სახლიდან, ჩემს ცოლ-შვილს დავემშვიდობე, რაც დასაწერი იყო, ანდერძის სახით, ყველაფერი დაწერილია. ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვკითხო, შენ მზად ხარ ამისთვის? რატომ მიბარებ პოლიციაში?“, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც ვასაძემ თქვა, ეს იმისთვის მოხდა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში „შეათრიოს“.
„ვიცი, რატომაც მიბარებ, ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები. მიბარებ პოლიციაში, რადგან გინდა, შემათრიო პოლიტიკაში. გინდა, გამარიდო ამას, დამაჯინო პოლიციაში, დამკითხო, ჩამსვა. რაც გინდა ქენი, არაფრის მეშინია“, – განაცხადა ვასაძემ და პოლიციის განყოფილებაში წავიდა.
ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნით დაიმუქრა. 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.