ნიკა მელია: რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რამ, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან
პირველი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის მიმართვას, მის დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ:
„ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბიძინა ივანიშვილია, რადგან სხვა გზას არ უტოვებს პუტინი და აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეიძლება, მასაც კი არ უნდოდეს. რა ხდება ეს, დაჩქარებულად, ფორსირებულად, დილის 8 საათზე ხალხი შეკრიბეს, მოვიდნენ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებს აწარმოებენ და მტკიცებულებები ჯერ არ აქვთ. მასალები არ აქვთ გადაცემული ადვოკატებისთვის“, - ამბობს ნიკა მელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელია პასუხობს: „ეს არ არის საზოგადოების და ჟურნალისტების მთავარი კითხვა. მთავარი კითხვა ტელეკომპანია იმედისაც, რუსთავისაც, პირველისაც, რადიო თავისუფლებისაც, კავკასიისაც და პოსტ ტივისაც კი უნდა იყოს ის, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის გავრილოვი ახლაც აქტიური, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი კითხვა, თორემ ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი, რომელმაც გენერალური პროკურორი დაირქვა, ის რას ამბობს, აბსოლუტურად უმნიშვნელოა“.
ნიკა მელიას თქმით, ის დაესწრება პლენარულ სხდომას, სადაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე უნდა იმსჯელონ.
შეიძლება თუ არა ის საკანონმდებლო ორგანოში ხელბორკილებით იხილოს საზოგადოებამ, ნიკა მელია ჟურნალისტებს ამ კითხვაზე პასუხობს: „ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რამ, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან“.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.
გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.