გენერალური პროკურორი მოგმართავთ წინადადებით მისცეთ თანხმობა პატიმრობის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართ – პროკურორი დეპუტატებს
ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან. დეპუტატებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა. ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო.
მისი თქმით, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ერთ საათში მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. მათ დაიწყეს სამართალდამცველთა მიმართ ძალადობა და სამართალდამცველების კუთვნილი ნივთების განადგურება. პროკურორი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას მიერ დაწყებულმა ძალადობრივმა ქმედებამ გამოიწვია, როგორც პოლიციელების, ასევე აქციის მონაწილეების დაშავება.
„მიტინგის მონაწილეთა შეკრება პარლამენტის სასახლის წინ დაიწყო დაახლოებით 17:00 საათზე და 21:30 წუთამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოქალაქეთა შეკრების დროს დაახლოებით 21:00 საათზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა რომ თუ ერთ საათში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრზე განთავსებული სამართალდამცველების მიმართ ძალადობა,”-განაცხადა გულუამ.
გულუაშვილის განცხადებით, აუცილებელია ნიკა მელიას პატიმრობა, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაედინათ დანაშაული რაც ადასტურებს რომ მას აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა სხვა ადამიანებზე.
„ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური ასევე ფაქტობრივი საფუძველი. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს,“-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ამირან გულუაშვილის განცხადებით ნიკა მელას ბრალად ედება მძიმე დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ხანგრძლივ პატიმრობას.