პოლონეთის სეიმში ორი აფეთქება დაასახელეს სმოლენსკთან მომხდარი ავაიაკატასტროფის მიზეზად
პოლონეთის სეიმში წარმოადგინეს თვითმფრინავ Ту-154М-ის კატასტროფის მიზეზების ხელახალი შესწავლის შედეგები, რომლის თანახმად, 2010 წელს სმოლენსკთან ახლოს მომხდარი ტრაგედია უკავშირდება თვითმფრინავის შიგნით ორ აფეთქებას.
ამის შესახებ ინფორმაცია „პოლონეთის რადიოზე“ დაყრდნობით 31 ივლისს გავრცელდა.
საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც ტრაგედიის გარემოებები შეისწავლა, დაადგინა, რომ ერთი აფეთქება მოხდა ლაინერის მარცხენა ფრთაზე, ხოლო მეორე აპარატის ცენტრალურ ნაწილში.
ხოლო სამთავრობო თვითმფრინავის ნამსხვრევებზე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ტროტილის, ჰექსოგენისა და პენტრიტის კვალი.
აფეთქების ფაქტი დასტურდება ასევე თვითმფრინავის დაზიანების და ნამსხვრევების გაფანტვის სურათითა და დაღუპულთა ტრავმების ხასიათით.
10 წლის წინ, 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ - პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე, პოლონეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, პოლონეთის არმიის თითქმის მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა და ეკიპაჟის წევრები.
პოლონეთის სეიმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ანტონი მაჩერევიჩმა, ტვიტერში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მოდელირებულია თვითმფრინავის ფრენის ბოლო წუთები.
უფრო ადრე თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეისწავლა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც სათავეში ედგა ანტონი მაჩერევიჩი.
2018 წელს კატასტროფის ძირითად მიზეზად იგი ასახელებდა თვითმფრინავში მომხდარ აფეთქებას და ამ ტრაგედიაში ადანაშაულებენ რუსულ მხარეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი პოლონეთის ვერსიას არ იზიარებს და აცხადებს, რომ 10 წლის წინ პოლონეთის დელეგაციის დაღუპვის მიზეზი გახდა პოლონელი მფრინავების შეცდომა, რომლებმაც უარი თქვეს სათადარიგო აეროდრომზე დაშვებაზე და თვითმფრინავის დასმა გადაწყვიტეს ცუდი ხილვადობის პირობებში.