სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა დღეს ბელარუსის სამ ქალაქში
ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ციხოანოვსკაიას, მხარდასაჭერად 1 აგვისტოს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქებში ჰროდნოში, ვაიკავსიკსა და სლონიმში. მიუხედავად წვიმისა, ჰროდნოში, როგორც იუწყებიან, სვეტლანა ციხანოვსკაიასთან შესახვედრად 15 ათასი ადამიანი მივიდა.
37 წლის ყოფილმა მასწავლებელმა ქალმა საკუთარი კანდიდატურა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დააყენა მას შემდეგ, რაც მის ქმარს, ცნობილ ბლოგერ, სერგეი ციხანოვსკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა რეგისტრაციაზე.
შემდეგ კი იგი დააპატიმრეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
„იგი დააპატიმრეს და ჩააგდეს საპყრობილეში. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ მას ჰყავს ცოლი, რომელსაც ასევე სწადია ცვლილებები“ , - ამ სიტყვებით მიმართა სვეტლანა ციხანოვსკაიამ ჰროდნოში მის მხარდამჭერად შეკრებილი მიტინგის მონაწილეებს.
სამივე მიტინგზე ციხანოვსკაია ხალხთან ერთად ფეხით მიაბიჯებდა ქუჩებში და განაცხადა, რომ უცვლელად ჩატარდება 9 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა წინასაარჩევნო შეხვედრა, მიუხედავად ბელარუსის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებისა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ.
ამ გადაწყვეტილების ფონია 29 ივლისს ბელარუსის ტერიტორიაზე 32 უცხოელი მოქალაქის, კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლების დაპატიმრება. ისინი, მინსკის მტკიცებით, არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მომხდარს „საგანგებო ვითარება“ უწოდა და განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთი ცდილობს, „როგორმე გაამართლოს თავისი ბინძური ჩანაფიქრი“.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.
ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.