"რუსთავის აზოტი" ბეირუთში აფეთქებულ ნივთიერებაზე: დიდი ალბათობით, რუსთავშია ნაწარმოები
"ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავში ნაწარმოები შეიძლება ყოფილიყო", - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" სს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.
მისი განმარტებით, სს "რუსთავის აზოტი" ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს "რუსთავის აზოტი" ახორციელებდა.
"შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია", - აღნიშნა ბურდილაძემ.
ამასთან, მისი განცხადებით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის ნიტრატს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის შენახვა წლების განმავლობაში ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და ამან გამოიწვია ეს აფეთქება“, - აღნიშნავს სს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბურდილაძის განცხადებით, "რუსთავის აზოტის" პროდუქციის ექსპორტი ათეულობით ქვეყანაში ხდება, მათ შორის მაროკოში, იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.