საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს ბეირუთში აფეთქებული ნივთიერების საკითხს
ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და აცხადებს, რომ აფეთქების საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სააგენტოს პოზიციაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს, მითითებულია აფეთქების ოფიციალური მიზეზი (პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის გვარჯილის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა) და აფეთქების გამომწვევი ნივთიერების ბეირუთის პორტში ტრანსპორტირების მარშრუტი.
„აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „Rhosus“. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა)“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს. როგორც სააგენტო მიუთითებს,
ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი ბეირუთის პორტში დაასაწყობეს.
სააგენტო განმარტავს, რომ ამონიუმის გვარჯილა წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52 037 ტონა.
„რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული. მისი განმარტებით, სს „რუსთავის აზოტი" ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს "რუსთავის აზოტი" ახორციელებდა.
„შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია", - აღნიშნა ბურდილაძემ. ამასთან, მისი განცხადებით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის გვარჯილას ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს.
ამონიუმის გვარჯილა, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს Rhosus. ინფორმაცია ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა ადგილობრივმა ტელეკომპანია LBCI-მ.
ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი და 4 000-მდე დაშავდა.