Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

რა ელის ბელარუსს ქვეყნიდან ციხანოუსკაიას წასვლის შემდეგ?

0
რა ელის ბელარუსს ქვეყნიდან ციხანოუსკაიას წასვლის შემდეგ?

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია „ცვლილებების იდეალური სიმბოლო იყო“. მაგრამ საპროტესტო მოძრაობის ბედი ახლა თავად პროტესტის მონაწილეთა ხელთაა.

ოპოზიციის კანდიდატმა, რომელსაც მისი მხარდამჭერები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულად მიიჩნევენ, ბელარუსი დატოვა მაშინ, როცა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს. იზრდება ეჭვი, რომ მთავრობამ შესაძლოა დააშინა ციხანოუსკაია. თუმცა შეიძლება, რომ ეს სულაც არ ნიშნავდეს ბელარუსში საპროტესტო ტალღის დასასრულს.

რა არის მოსალოდნელი?

11 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა, რომ სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება.

სამშაბათსვე მან გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა. მასში თითქოს აღიარა არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება. მან ბუნდოვნად თქვა, რომ ხალხმა „თავისი არჩევანი გააკეთა“. ამავე დროს მან ბელარუსელებს მოუწოდა, ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში არ გარისკონ საკუთარი სიცოცხლე.

რუსული ვებსაიტი Mediazona ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა 10 აგვისტოს იყო გადაღებული, ანუ ბელარუსიდან მის წასვლამდე. ამავე დროს ციხანოუსკაიას საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მარია კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიდეო გადაღებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ლიდია ერმოშინას კაბინეტში.

მიუხედავად იმისა, თუ რა და რატომ თქვა ციხანოუსკაიამ მიმართვაში, ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა - რა ელის ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც დაწყებიდანვე დეცენტრალიზებულ ხასიათს ატარებდა და არ იყო დამოკიდებული ერთ ძლიერ ლიდერზე.

ციხანოვსკაია ყოველთვის ამბობდა, რომ ის ხალხის უკმაყოფილების „სიმბოლო“ უფროა, ვიდრე პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი. ის უარყოფს პრეზიდენტობის ამბიციებს. არჩევნებამდე მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ახალ, სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.

„ის ცვლილების იდეალური სიმბოლოა,“ განუცხადა მინსკელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა იჰარ ილიაშმა Current Time-ს. „სწორედ ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ის ამ კონკრეტულ მომენტში... ვინაიდან, როგორც სიმბოლომ, მან შესანიშნავად შეასრულა თავისი ფუნქცია. მან შეასრულა ფუნქცია და კვლავაც გააგრძელებს ამას. ხალხს უბრალოდ მობეზრდა ლუკაშენკა.“

ციხანოუსკაიას პრესმდივანმა ანა კრასულინამ თავის განცხადებაში თქვა, რომ ციხანოუსკაიას ბელარუსიდან წასვლა „არაფერს არ ცვლის.“

„მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ხალხს ანათლებდა და შთააგონებდა და გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში,“ თქვა კრასულინამ. მისი თქმით, ახლა დადგა დრო, როცა ხალხმა ციხანოუსკაიას გარეშე უნდა იმოქმედოს. „ისინი ციხანოუსკაიას გამო კი არ მონაწილეობენ საპროტესტო გამოსვლებში, არამედ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის.“

ჯერ კიდევ სანამ ციხანოუსკაიას მიერ ბელარუსის ტერიტორიის დატოვება გახდებოდა ცნობილი, ნათელი იყო, რომ ის უზარმაზარ ზეწოლას განიცდიდა რეჟიმის მხრიდან.

„სვიატლანა უკიდურესად ღირსეულად იქცევა და ყველაფერი გააკეთა, რის გაკეთებაც შეეძლო,“ უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ბელარუსიელმა ჟურნალისტმა ძმიტრი ნავოშამ 37 წლის ინგლისურის მასწავლებელსა და პოლიტიკურ დებიუტანტზე, რომელმაც თავისი ქმარი, პოპულარული ვლოგერი სიარჰეი ციხანოუსკი ჩაანაცვლა მისი დაპატიმრების შემდეგ. „ახლა ბელარუსის საზოგადოებაზეა, მიაღწევს თუ არა თავის მიზანს.“

ქვეყნის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე სვიატლანა ციხანოუსკაიას პირადი საუბარი ჰქონდა ბელარუსის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებთან, როცა ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა 9 აგვისტოს არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ ოფიციალური საჩივრის შესატანად.

მართალია, მისი გამგზავრების ზუსტი გარემოებები უცნობია, მაგრამ ეჭვი არაა, რომ ლუკაშენკას მთავრობა მკაცრ მეთოდებს მიმართავს ხოლმე ასეთ შემთხვევებში.

2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ოპოზიციასთან დაკავშირებული 30-მდე ადამიანი „გაუჩინარდა“ და დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, შეექმნათ ჯგუფი ოპოზიციის წარმომადგენელთა ლიკვიდაციისთვის. ამ ადამიანების გაქრობის საქმეები ჯერაც არ არის გახსნილი.

 

2010 წლის არჩევნების შემდეგ ლუკაშენკას უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების ასობით მონაწილე და შვიდი კანდიდატი, რომლებიც ლუკაშენკას მეტოქეობას უწევდნენ არჩევნებში.

თავად სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლე, სიარჰეი ციხანოუსკი, ივნისში დააპატიმრეს მინსკში და ის დღემდე პატიმრობაში რჩება. ივლისში ციხანოუსკაიამ თავისი შვილები ბელარუსს გაარიდა მას შემდეგ, რაც მათ მიმართ მუქარები გაისმა.

საარჩევნო კამპანიის პროცესში დააკავეს ციხანოუსკაიას შტაბის ათზე მეტი წევრი, ზოგი დღემდე პატიმრობაშია.

ციხანოუსკაიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ახსენა, რომ დატოვა ბელარუსი და საკმაოდ არაორაზროვნად მიანიშნა, ღმერთმა დაიფაროს ისეთი არჩევანის წინაშე აღმოჩენა, როგორი არჩევანის წინაშეც მე აღმოვჩნდიო. ბოლოს კი დასძინა: „ბავშვები - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში“.

ეს სიტყვები კითხვებს ბადებს იმის თაობაზე, თუ რა პირობებში მოუხდა ციხანოუსკაიას ქვეყნის დატოვება და ამ ვიდეოს ჩაწერა.

რუსი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი ფეისბუკზე წერს: „შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მუქარები იყო მის წინააღმდეგ, მისი ქმრის წინააღმდეგ და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წინააღმდეგ... იმ შვიდი საათის განმავლობაში, რა დროის მანძილზეც ჰყავდათ ის ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.“

საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდანვე მისი მონაწილეები მხარს უჭერდნენ ციხანოიუსკაიას, მაგრამ ის არ ყოფილა მათი ლიდერი. აქციები სპონტანურად გაჩნდა მინსკსა და სხვა ქალაქებში და მისი კოორდინაცია სხვადასხვა ფორუმზე მოხდა სოცმედიის პლატფორმა Telegram-ზე.

„საინტერნეტო საიტები ბელარუსში თითქმის მთლიანად დაბლოკილია. პროსამთავრობო საიტების გახსნაც კი არ შეიძლება,“ უთხრა რადიო თავისუფლებას რომან პროტასევიჩმა, Telegram-ის არხის, Nexta-ს რედაქტორმა. „ფაქტობრივად, ერთადერთი, რაც მუშაობს VPN-ისა და პროქსის გამოყენების გარეშე, არის Telegram-ი. ის ჯერაც მუშაობს.“

„სამოქმედო გეგმები ჩნდება იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტს თავად ხალხი,“ ამბობს პროტასევიჩი. „არის დიდი რაოდენობით შიდა ჩატები, მათ შორის ჩატები ჩვენს არხზეც, სადაც მათ მართლა მთელი ქსელი ჩამოაყალიბეს. ბევრ მათგანში 10 ათასზე მეტი მონაწილეა და ხალხი მართლა ცდილობს კოორდინირებას. ნელ-ნელა, აგურ-აგურ ჩნდება გეგმები. მრავალი ადამიანისთვის ახლა მთავარი იდეაა დეცენტრალიზაცია. ხალხს ესმის, რომ ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პოლიციას, როგორც წესი, ერთი მიზიდულობის წერტილი აქვს.“

11 აგვისტოს Telegram-ზე, Nexta-ს ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც დაუყოვნებლივი გენერალური გაფიცვის მოწოდებას შეიცავს. განცხადებაში ჩამოყალიბებულია სამი მოთხოვნა: ციხანოუსკაია 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდეს; ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს; ჩატარდეს „ახალი, პატიოსანი“ არჩევნები.

„ჩვენმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ დღეს ბელარუსიელების ორი მესამედი მზადაა, მიატოვოს სამუშაო ადგილები, რათა დაასამაროს ეს რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ,“ ნათქვამია განცხადებაში.

ბელარუსის ოპოზიციას კარგად ახსოვს, როგორ დაშალეს უშიშროების ძალებმა 2010 წლის სადავო არჩევნების შემდეგ მინსკში გამართული დემონსტრაცია. მაშინ ქვეყნის უდიდესი ნაწილი პასიურად უყურებდა, რა ხდებოდა დედაქალაქში. მოგვიანებით ლუკაშენკა ტრაბახობდა, შვიდნახევარ წუთში მოვუღეთ ბოლო არეულობასო.

სწორედ ესაა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზეზი.

„ისე გამოიყურება, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს არა აქვთ მკაფიო გეგმა,“ ამბობს ბელარუსიელი პოლიტიკური მიმომხილველი არციომ შრაიბმანი. „როცა არ არის გეგმა, დემონსტრაციები ხშირად კვდება ხოლმე... ჯერჯერობით არ მოიპოვება გამარჯვების გეგმა, მაგრამ ჯერ არცერთი რევოლუცია არ განხორციელებულა გეგმის მიხედვით.“




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Красноярский врач спас пассажирку самолета с приступом аллергии

Юлия Миронова выступила на XV Всероссийском форуме деловых СМИ

Свыше 600 детей из Химок бесплатно отдохнут в летних лагерях

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о цифровой трансформации государства