გიორგი კამკამიძე ინფექციურ საავადმყოფოზე: ამ სიტუაციაში ბოიკოტის გამოცხადება ნამდვილად გაუმართლებელია
ინფექციონისტი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, გიორგი კამკამიძე ინფექციური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანა შემოდგომაზე ელოდება ვირუსის აქტიურ კლინიკურ შემთხვევებს, ინფექციური საავადმყოფოს გადაწყვეტილება, შეაჩეროს Covid-19-ისა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება, გაუმართლებელია.
კამკამიძის თქმით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, დაიწყოს ინფექციური სამსახურის დეცენტრალიზაცია.
„საქართველოში ინფექციური სამსახური ცენტრალიზებულია, საბჭოური სისტემა გვაქვს, ამ მხრივ. არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ თანამედროვე მიდგომით, მულტიპროფილურ კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ინფექციური განყოფილებები. პანდემიის ფონზე, დიდ საავადმყოფოებს სახელმწიფომ დაავალა, მოაწყონ ინფექციური განყოფილებები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ არის გაკეთებული. სავარაუდოდ, კლინიკის მმართველობას კვლავ უნდა, რომ შენარჩუნდეს ძველი სისტემა და გაღიზიანება ამან გამოიწვია. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ბოიკოტის გამოცხადება ნამდვილად გაუმართლებელია, თანაც მაშინ როცა საუნივერსიტეტო კლინიკაც რემონტის რეჟიმშია,“. – ამბობს კამკამიძე.
მისი თქმით, ქვეყანა მხოლოდ ერთ ინფექციურ საავადმყოფოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და აუცილებელია, დიდმა კლინიკებმა შეძლოს რეანიმაციული პაციენტების მიღება:
„მისაღებია, შენარჩუნდეს ცალკე ინფექციური საავადმყოფო, მაგრამ აუცილებელია, დიდ კლინიკებს შეეძლოთ, განსაკუთრებით, რეანიმაციული პაციენტების მიღება. საუბარია ძირითადად მცირე, ათსაწოლიან განყოფილებაზე, რისი დავალებაც გასცა სახელწიფომ და სწორიცაა. ახლა რის წინაშეც დავდექით, იმ სიტუაციის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდეს ქვეყანა, როცა მხოლოდ ერთ სტრუქტურაშია კონცენტრირებული ინფქციური სამსახური. როგორც ჩანს, ეს არ შედის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის გეგმებში“.- თქვა ინფექციონისტმა.
გიორგი კამკამიძის აზრით, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ბოიკოტი მიუღებელია.
„ამისთვის, როგორც ვიცი, თანხაცაა გამოყოფილი და დროის ამბავია, თუმცა იმის გამო, რომ პროცესი ნელდება, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ბოიკოტი მიუღებელია. თანაც ეს სახელმწიფო დაწესებულებაა და არა კერძო კლინიკა, რომლის ხელმძღვანელობასაც აქვს ასე პირდაპირ გადაწყვეტილების მიღების უფლება. კერძოც რომ იყოს, მორალურად მაშინაც არაა გამართლებული და მითუმეტეს, სახელმწიფო დაწესებულება უნდა ემორჩილებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სრულად“.- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.
შეგახსენებთ, ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისა და აივ ინფექციით დაავადებული სტაციონარული პაციენტების მიღება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობა დაასახელა.
ცერცვაძის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ არაერთგზის აცნობეს ჯანდაცვის სამინისტროს. ხოლო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თენგიზ ცერცვაძეს კოვიდითა და აივ/ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერების შესახებ სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
ტიკარაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მთავრობამ 40 მილიონი ლარი გამოყო ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის. მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი, გარკვეული ჯგუფი მუშაობს, ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.