ირანმა დაადასტურა, რომ აფეთქება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე "საბოტაჟი" იყო
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ივლისში ქვეყნის მთავარ ბირთვულ ობიექტზე აფეთქების მიზეზი საბოტაჟი იყო. "აფეთქება ნათენზის ბირთვულ ობიექტზე, ძირგამომთხრელი საბოტაჟური ოპერაცია იყო. უშიშროების ორგანოები თავის დროზე გამოავლენენ, რა გახდა აფეთქების მიზეზი", განუცხადა სახელმწიფო სატელევიზიო არხ "ალ-ალამს", ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბეჰრუზ ქამალვანდიმ, 23 აგვისტოს.
ირანმა 2 ივლისის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი დადგენილი იყო, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე.
არსებობდა სპეკულაცია შესაძლო საბოტაჟის შესახებ, რადგან ირანის ოფიციალურ პირებს უჭირდათ იმის ახსნა, თუ რა მოხდა და ცდილობდნენ, დაზიანების მასშტაბი უფრო ნაკლებად წარმოეჩინათ.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ისრაელი ან აშშ შეიძლება ყოფილიყვნენ მომხდარის უკან, როგორც ნაწილი ჩრდილოვანი ბრძოლისა ირანის ბირთვული საქმიანობის შესაყოვნებლად.
ქამალვანდის არ უთქვამს, საბოტაჟი შიდა ძალების ნამოქმედარი იყო თუ - გარე.
ნათანზი ირანში ურანის გამდიდრების მთავარი ბირთვული ობიექტია და მას გაეროს ბირთვული სააგენტო მეთვალყურეობს.
ირანმა გააგრძელა ურანის გამდიდრება ნათანზის სადგურზე 2019 წლის სექტემბერში მას მერე, რაც აშშ-მა დატოვა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანს თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ავალდებულებდა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.