მსოფლიოს ქალაქებში იმართება ირანის სოლიდარობის აქციები, შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად
მსოფლიოს ქალაქებში 2 ოქტომბერს იმართება საპროტესტო აქციები, ირანელები და მათი მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს.
მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები შაბათს, 1 ოქტომბერსაც. შვეიცარიის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, როცა ბერნში, ირანის საელჩოსთან გამართული დემონსტრაციის დროს ორი პირი საელჩოს ღობეზე ავიდა და ჩამოხსნა ირანის დროშა. დემონსტრაციის დროს, რომლის ნებართვა არ იყო გაცემული, არავინ დაშავებულა.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სოლიდარობის დემონსტრაციები გაიმართა და მიმდინარეობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატათ იმ საპროტესტო გამოსვლების მიმართ, რომლებიც გამოიწვია მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის პატიმრობაში.
ქუჩის ძალადობის ტალღამ შეძრა ირანი მას შემდეგ, რაც 22 წლის ამინი გარდაიცვალა მორალის პოლიციის მიერ მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებული ჩაცმულობის მკაცრი წესების სავარაუდო დარღვევის გამო.
უკვე ზედიზედ მე-16 ღამეს, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ირანში, მიუხედავად სისხლიანი დარბევისა, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბერნში, პოლიციამ განაცხადა, რომ მან გამოიყენა რეზინის ტყვიები, რადგან დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე შეეცადა შეეღწია საელჩოს ტერიტორიაზე. პოლიციის თანახმად, ორი პირი, რომლებმაც დროშა ჩამოხსნეს, დააკავეს.
ირანის უფლებადამცავი ორგანიზაციის თანახმად, 1 ოქტომბერს აქციები გაიმართა მსოფლიოს 159 ქალაქში.
2 ოქტომბერს აქციები გაგრძელდა ბერლინში და ტორონტოში, ასევე საფრანგეთის და თურქეთის ქალაქებში.