ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. პარლამენტში სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობას აღადგენენ
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა გადაწყვიტა, განაახლოს საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემის განხილვა. ამ საკითხზე დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია სპეციალური კომისია, კომისიის ხელმძღვანელმა გარი მულდაროვმა განაცხადა, რომ რუკაზე მუშაობა მალე დასრულდება. მან ე.წ. დეპუტატებს შესთავაზა განაახლონ საპარლამენტო მოსმენები და შეხვედრებზე მოიწვიონ ე.წ ექსპრეზიდენტები და „ამ საკითხში უშუალოდ ჩართული“ პირები.
სააგენტო „რეს"-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ალბოროვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს სხდომის გამართვა დაავალა დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განსახილველად.
„ამ საკითხზე კომისია უნდა შევქმნათ, რათა მკაფიოდ განვსაზღვროთ ვინ მოვიწვიოთ მოსმენებზე“, - განაცხადა ალბოროვმა.
გასულ წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატები აცხადებდნენ, რომ 2019 წელს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს თითქმის 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია „აჩუქა“. კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს, 2019 წლის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონპროექტზე თანდართულ სამხრეთ ოსეთის ახალ ე.წ. რუკაზე და შეადარეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ No2 დეკრეტს და რუკას რომელიც 1922 წლის 22 აპრილით თარიღდება.
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ბიბილოვი მაშინ ამტკიცებდა: 1922 წლის დეკრეტით სოფლები წნელისი და ჩორჩანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ ზოგიერთი სოფელი „შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდეს“. „ეს არის ისეთი დასახლებები ან უშუალოდ მათი მიმდებარე ტერიტორიები, როგორიცაა გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, - თქვა მან 2021 წლის დეკემბერში. ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს ცნო საბჭოთა საზღვრებში, რომელიც არსებობდა 1990 წელს. მოსკოვმა არაერთხელ მიუთითა „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური დე ფაქტო საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მნიშვნელობაზე. ამავე დროს, თბილისი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრებში“.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ხელისუფლების წევრებს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც არაერთხელ შესთავაზეს, ერთობლივი სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის შექმნა და საზღვრების დადგენა, თუმცა საქართველოს წარმომადგენელთა პასუხი ამაზე ყოველთვის არის, რომ აბსურდულ განხილვაში მათთან არ შევლენ და საქართველოს საერთაშორისო საზღვრები უკვე აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.