ზურაბ ალავიძე არ იზიარებს პარლამენტის სხდომაზე გამოთქმულ კრიტიკას
ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.
„მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შეთხვევაში, ვეცდებით, რომ წელს მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანას გამო გვაქვს. ერთ წელიწადში ამ პრობლემის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ის არ იზიარებს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას კრიტიკას იმის თაობაზე, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასათანადოდ არის ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში. განცხადება ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 21 თებერვალს გააკეთა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრ ზურაბ ალავიძეს არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობასთან.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არცკი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არ არსებობს. ის არაფრით ჩამოუვარდება პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობ, რომ იგივე დოზით, იგივე ფორმით კონსოლიდაცია მთავრობისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში უფრო მეტი აქტიურობის აუცილებლობას ხედავს ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი არ არის პარტიულ ჭრილში განსახილველი საკითხი.
„ნამდვილად კარგია და მისასალმებელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პარლამენტისგან, მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტიისგან, მომთხოვნ დამოკიდებულებას, ძალიან კატეგორიულად დასმულ საკითხს. ეს არ არის პარტიული საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ვიზიარებთ და ვუერთდებით ამ მოთხოვნას, რომ ხელისუფლება რეალურად დაკავდეს ფაროსანას პრობლემით“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიის სხდომაზე,16 თებერვალს 2018 წლის გეგმა დაამტკიცეს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მინისტრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელი პირები, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.