ციხე-სოფელი მუცო პარიზში დააჯილდოვეს
![ციხე-სოფელი მუცო პარიზში დააჯილდოვეს](https://gdb.rferl.org/5FDFACFC-3387-474A-A4CD-275C45E0C14E_w800_h450.jpg)
პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელმა მუცომ “საზოგადოების რჩეულის“ ჯილდო მიიღო, მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპული ასოციაციების ფედერაციის, „ევროპა ნოსტრა“-ს ჯილდო.
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ციხე-სოფელი მუცო 34 ქვეყნის მიერ წარდგენილი 149 პროექტიდან შეარჩიეს.
მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2014-2018 წლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, კონკურსზე 2018 წელს წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს მიმართა და ქართული პროექტის აღიარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ამ სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას ნიშნავს.
“ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული. მუცოს რეაბილიტაციის პროექტი კი სოსო ბანძელაძეს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარაა. ის ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი საზოგადოების რჩეულის პრიზს მიიღებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მისიად დაასახელა ევროპაში საქართველოს დაბრუნება: „ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით - კულტურით“.
პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.