EUMM: ახალგორთან შეზღუდვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია(EUMM) აცხადებს, რომ ახალგორთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას.
ევროკავშირის მისიამ 29 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელა განცხადება ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. მისია აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევის გამო, ე.წ. ცხელი ხაზი გააქტიურებული არ ყოფილა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მკაცრად შეზღუდვის ზეგავლენას, ახალგორის რაიონის მცხოვრებთ ართმევს ოპერატიული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობას და საარსებო წყაროებს უზღუდავს.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეზღუდვის რაც შეიძლება სწრაფად მოხსნას და ცალკეული საკითხების განხილვას ჰუმანიტარული მიდგომით. მისია აღნიშნავს, რომ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრებზე.
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოჯახს სურდა, რომ მარგო მარტიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე არ გაუშვა.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.
ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.