ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ოთხ ბრალდებულს. მათ შორის არიან: თბილისის მერიის კონტრაქტორ კომპანია "გრინსერვისი +"-ის დირექტორი და თანამშრომელი, ასევე ექსპერტიზის ჩამტარებელი კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და ექსპერტი.
პროკურატურის განცხადების მიხედვით:
"გრინსერვისი+"-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
"გრინსერვისი+"-ის თანამშრომელს, დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი);
"მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტ დავით თუშიშვილს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი).
"გრინსერვის+"-ის დირექტორი და თანამშრომელი დამძიმებულ ბრალს არ ეთანხმებიან. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ "ინტერპრესნიუსს" უთხრა.
"გამოძიება შემთხვევის დღიდან მიმდინარეობს, არანაირი პირობა არ არსებობდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გუშინ მომხდარიყო დამძიმება, იმდენად, რამდენადაც გამოძიებისთვის და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო იყო. ბრალის დამძიმება მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო დღეს მოხდა, რაც ერთი მხრივ, დაცვის უფლებაზე უხეში ზემოქმედებაა. მეორე მხრივ, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ყოველთვის მზად ვიყავით, გამოძიებას დავხმარებოდით, ყველა ინფორმაცია, მასალა, დოკუმენტაცია მიგვეწოდებინა, რაც ჩვენ ხელთ არსებობდა", - ამბობს ადვოკატი.
ამ დრომდე ამ დაკავებულებს წაყენებული ჰქონდათ ბრალი:
შპს „გრინსერვის+-ის“ დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას;
„გრინსერვის +-ის“ თანამშრომელ დევი კახოიძეს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს;
შპს „მშენ-ექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან მარიტა რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მისი ორ კლასელს კი კლინიკაში მკურნალობა დასჭირდათ.
რამდენიმე დღეში, 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტას ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპვის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა.
დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვის+-ის" დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.