Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2023

ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადება

0
ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადება

23 თებერვალს ეროვნული კვლევითი ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ხოშტარიამ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ამავე დღის ცნობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმის შესახებ, სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში.

როგორც განცხადების ავტორი აღნიშნავს, მცხეთის ჯვრის დიდ ტაძართან დაკავშირებული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება დიდად შეუწყობდა ხელს მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის პრობლემების ერთიანად მოგვარებას.

გთავაზობთ დავით ხოშტარიას განცხადებას სრულად:

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმავს სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში.

ამასთან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვა, თუ რა კავშირშია ეს ახალი ინიციატივა მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და რომელიც დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით.

აღვნიშნავ, რომ ეს არის ორი სხვადასხვა პროექტი, რომელთაგან ერთის მიზანია მცხეთის ჯვრის ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაცია მათი შემდგომი დაშლა-დაზიანების პრევენციის მიზნით, ხოლო მეორემ უნდა მოაგვაროს მცხეთის ჯვრის ტაძრის ინტერიერში ქვების ცვენისა და წყლის ჩაჟონვის პრობლემა. პირველი ფინანსდება აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით, ხოლო მეორეს, როგორც ახლა შევიტყვეთ, თავის თავზე იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტი ჩუბინაშვილის ცენტრმა კარგა ხანია მოამზადა. მან გაიარა განხორციელებისათვის საჭირო ყველა ეროვნული და საერთაშორისო პროცედურა. 2020 წლის 4 ნოემბერს პროექტმა მიიღო წინასწარი დამტკიცება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე. 2021 წლის 21 თებერვალს პროექტი შეითანხმა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ. 2021 წლის ოქტომბერში საკონსერვაციო პროექტმა უმაღლესი შეფასება მიიღო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან, ICOMOS International-ის ტექნიკური მიმოხილვის საფუძველზე.

პროექტით გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2021 წლის ნოემბრიდან, იუნესკოს და ICOMOS International-ის მიერ პროექტის ოფიციალურად მოწონებისთანავე. თუმცა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების პირდაპირი რეკომენდაციისა, რომ საპროექტო სამუშაოები დროულად ჩატარებულიყო, პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო. 2021 წლის ბოლოს ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ, ამ ნებართვებს გასცემს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მიუხედავად გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრისა და პროექტის ხელმძღვანელის არაერთი მიმართვისა, ნებართვა არ არის გაცემული. პროექტის განხორციელება უკვე 15 თვეა შეჩერებულია.

წინასწარ ვუპასუხებ მოსალოდნელ შეკითხვას, თუ რატომ გადაწყდა 2019 წელს მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის წარდგენა აშშ ელჩის ფონდში, თუ პრობლემები იყო ტაძრის ინტერიერშიც. საფასადო ქვების კონსერვაცია, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი, განისაზღვრა UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მისიის ანგარიშის საფუძველზე ( 2018 წლის თებერვალი, https://whc.unesco.org/document/168219 , გვ. 23). საპროექტო წინადადება შეთანხმებული იყო კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან. იმთავითვე აღინიშნა, რომ თუ ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ აშშ ელჩის ფონდში წარდგენილი პროექტით უზრუნველყოფილი იქნებოდა საფასადო ქვების დაშლა-დაზიანების პრობლემის მოგვარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიხედავდა ინტერიერისა და სახურავის პრობლემებს. არსებითად, დღეს სააგენტო უბრუნდება იმ ვალდებულებას, რომელიც წინა ხელმძღვანელობამ აიღო და რომლის შესრულებაც ვერ მოასწრო.

ვფიქრობ, ზემოთაღნიშნული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება დიდად შეუწყობდა ხელს მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის პრობლემების ერთიანად მოგვარებას. მინდა წარმატება ვუსურვო სააგენტოს მიერ ახლადწამოწყებულ პროექტს და კიდევ ერთხელ გამოვხატო სინანული და გაკვირვება იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები ჯიუტად ბლოკავენ წინა პროექტს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, მზად არის განსახორციელებლად, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო უწყებასთან და სრულად არის დაფინანსებული აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით".




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме






Знаменитости, которые служили и не служили в армии

«СССР распался? Ужас!». Как любит Россию страна, где о нас ничего не знают

«Разговоры о важном»: как пройдет урок русского языка 12 мая

Московское море: каким оно было?