პაპუაშვილს ვეტოს საკითხზე ზურაბიშვილის განცხადება „საშიშ სიგნალად" მიაჩნია
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პოზიცია ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მასზე ვეტოს დადებაზე.
„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არმიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის აზრით, შენიშვნები არის არა შინაარსის, არამედ ფორმის შესახებ.
„დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო. პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა. არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან), უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა პროექტზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონპროექტს უწოდებენ, განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი".
საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების ბაზაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".