იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგომას აპირებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სამშაბათს სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. მისი სიტყვებით, ამის შესახებ ის ქვეყნის პრეზიდენტს შეატყობინებს სენატში სამთავრობო კრიზისის განხილვის შემდეგ - იტყობინება La Repubblica.
კონტემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა განხეთქილებით პარტიებს, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასა“ და „ლიგას“ შორის, რომელთა კოალიციაც ქმნის მთავრობას. სენატში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, რომელმაც მოახდინა, კონტეს თქმით, სამთავრობო კრიზისის პროვოცირება.
ადრე სალვინიმ რამდენჯერმე ილაპარაკა იტალიის მთავრობაში განხეთქილებაზე და ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ლიგამ“ ოპოზიციასთან ერთად ხმა მისცა საფრანგეთთან დამაკავშირებელი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას, რასაც ეწინააღმდეგება „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, სალვინი დამაჯერებლად ლიდერობს და შეიძლება წარმატებას მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებში. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კი კარგავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სალვინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მიგრანტების მიმართ. იტალია საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს გემებს, რომლებიც ზღვაში ეხმარებიან არალეგალურ მიგრანტებს. იგი ცნობილია ასევე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულებით.
იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სალვინის ემისრისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, საქმე ეხებოდა რუსეთის სტრუქტურების მიერ პარტია „ლიგის“ დაფინანსებას. სალვინი უარყოფს ამ ბრალდებებს.