"პატრიოტთა ალიანსი": NDI-სა და IRI-ს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა
NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ მოწოდებებით „პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან. პარტია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს სრულ უნდობლობას უცხადებს, სამართალდამცველებს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს და საქართველოში მათი საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს.
„არა NDI-ს, არა IRI-ს, არა ტყუილს, არა ლორა თორნტონებს, კრამერებს, ბრაიზებს, რომლებსაც საქართველო მათი კოლონია ჰგონიათ... ხმამაღლა ვამბობთ დღეს ამერიკის საელჩოს წინ - ამ ორგანიზაციებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა. წავიდნენ და დატოვონ საქართველო“, - განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, NDI და IRI კვლევის შედეგებს აყალბებენ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაღალი რეიტინგები თავს მოახვიონ საზოგადოებას.
„ჩვენ მივმართავთ ამერიკის ხელისუფლებას და იმიტომ მოვედით ამერიკის საელჩოსთან, რომ გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი - დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა... ლორა თორნტონზე, პირდაპირ ვამბობ, საქმე უნდა აღიძრას“, - განაცხადა ინაშვილმა.
NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 4% უჭერს მხარს. კვლევის შედეგებს სწრაფად გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, ხოლო მათ - უმცირებს.
NDI-სა და IRI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნებაც“. ამ ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
„კიდევ მაქვს, გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით - დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ... თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო, ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ - სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - აცხადებდა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეებად მოიხსენია ის ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ისა და IRI-ის კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ.