არასამთავრობო ორგანიზაციები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხდება რესურსის უაკნონოდ გამოყენება
![არასამთავრობო ორგანიზაციები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხდება რესურსის უაკნონოდ გამოყენება](https://gdb.rferl.org/D3A6C82B-E308-4FDA-B5C1-11F9AE69BEE6_cx0_cy7_cw0_w800_h450.png)
არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების (ა(ა)იპ-ის) დირექტორებს და თანამშრომლებს ავალდებულებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა მობილიზებას და პოტენციური მხარდამჭერების სიის გაგზავნას შესაბამის პირებთან. დამკვირვებლების ცნობით, ამ დაწესებულებების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში უნდა შეავსონ პერსონალური მონაცემები მათი ოჯახის წევრების შესახებ, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.
„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ. სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ” - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. კერძოდ,საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. არასამთავრობო ორგანოზაციები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებით ირღვევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულებაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავისდან აცილების თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებითვე, ფლობენ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავენ მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ხოლო საბიუჯეტი საწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, ღიად ისაუბრონ.