საია: გარკვეული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
![საია: გარკვეული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს](https://gdb.rferl.org/E42B7B1F-447E-4C48-8772-B2687A703104_cx24_cy14_cw76_w800_h450.jpg)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ 18 საათისთვის ორგანიზაციამ დააფიქსირა არსებითი ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საიას ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შემოვიდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ორგანიზაციის დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო ნომრებს.
"მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა", აცხადებს სალაძე.
მისი განმარტებით, ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება. "საარჩევნო კოდექსის" მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. სულხან სალაძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს და სათანადო სანქციები განახორციელოს ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნების კონტროლზე. ასევე მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს, რამდენად კანონიერად ხორციელდება ამომრჩეველთა შესახებ პერსონალური მონაცემების, მათ შორის საკონტაქტო ნომრების, შეგროვება და დამუშავება.
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა სულ წარადგინეს 87 საჩივარი, მათ შორის 47 საჩივარი უბანზე, ხოლო 40 - ოლქში. ასევე დაფიქსირებულია 33 შენიშვნა.