ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემაზე „გირჩი“ ერთიანია
პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის თანაშემწის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ დაბეჭდილი სახით გადასცა საკუთარი პოზიცია დიპლომატებს და „ქართული ოცნებისგან“ ანალოგიურად ელოდება როგორც პასუხს ამ წერილზე, ასევე, მმართველი პარტიის პოზიციას.
პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმულ შეკითხვას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „გირჩი“ არ დაუტოვებია და მის ლიდერად რჩება. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი პოზიციის შესახებ „გირჩი“ ერთიანია. „პარლამენტში შესვლა-არშესვლა საერთოდ თემა არ არის“, - დასძენს ჯაფარიძე.
რაც შეეხება თანაპარტიელებთან ურთიერთობის საკითხს, ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ აცხადებს: „ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“. ჯაფარიძე ამბობს: „არ ვაპირებ არაფრის გარეთ გამოტანას, რაც დავწერე ეგ არის".
შეკითხვაზე, მან თანაპარტიელებთან დააყენა თუ არა ულტიმატუმი, რომ სენსიტიურ თემებზე საჯარო კომენტარები არ უნდა გაეკეთებინათ, ჯაფარიძე პასუხობს: „არ ვიცი, რამდენად არის ულტიმატუმი. მე მქონდა პირობები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. ამაზე მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან“, - თქვა ჯაფარიძემ.
4 დეკემბერს დილიდან მედიაში გავრცელდა დახურულ ჯგუფში ზურაბ ჯაფარიძის პოსტის შინაარსი. ამ პოსტში ის ამბობდა, რომ აღარ აპირებდა თავის თანაგუნდელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას".
„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზურა ჯაფარიძის იმ განცხადებით, რომელიც პარტიაში აზრთა გაყოფას უკავშირდება, გაკვირვებულია. ხვიჩია აცხადებს, რომ ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა“ ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.