გაერთიანებული ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს მიმართეს
საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, რომელმაც კოლეგების წერილობითი განცხადებები პარლამენტში მიიტანა, მედიას უთხრა, რომ ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი: „ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი“.
ლევან ბეჟაშვილთან ერთად პარლამენტში განცხადებები მიიტანეს ბლოკიდან არჩეულმა რესპუბლიკელებმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ მანდატებზე უარით პარლამენტს მიმართავდნენ ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. ეს მოლაპარაკება ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „განცხადებების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკების შეწყვეტას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გარდა, საარჩევნო ბლოკში არიან: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, „პროგრესი და თავისუფლება“ და „ევროპელი დემოკრატები”. მათი წარმომადგენლები პარლამენტში ჯერჯერობით არ მისულან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პროცედურის თანახმად, დეპუტატს 7 დღე აქვს, რათა სურვილის შემთხვევაში, პარლამენტიდან განცხადება უკან გაიტანოს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხი ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილება, შემდეგ ბიუროზე და ბოლოს პარლამენტის სხდომაზე.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგით, საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ პარლამენტის 36 მანდატი მიიღო. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.