ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვაში თანამემამულეებს პანდემიის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს თანაგრძნობა გამოუხატა გაჭირვებულ ოჯახებს და მაღალი შეფასება მისცა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ზომებს კორონავირუსით მიყენებული ზარალის შემსუბუქების თაობაზე, როცა ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება საშობაო არდადეგების წინ.
მიმართვაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბაიდენმა თავისი მშობლიური დელავერის შტატიდან ილაპარაკა მედიკოსებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ, მეცნიერებზე, მკვლევრებზე, კლინიკური გამოცდების მონაწილეებზე და სამხედროთა ოჯახებზე, რომელთა წევრები ჯარში მსახურობენ არდადეგების პერიოდში.
მან ამერიკელებს მოუწოდა, სიფრთხილის ზომები დაიცვან და სცადონ შეაკავონ ვირუსის გავრცელება, რომელსაც, დღეის მონაცემებით, 320 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში.
„[პირველი ლედი] ჯილ [ბაიდენი] და მე - დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც ყველა თქვენ - ლოცვებს ვუგზავნით ყველას, ვისაც ამ ბნელი ზამთრის წინაშე დგომა უწევს,“ თქვა მან.
ადრე ბაიდენმა თანამემამულეები გააფრთხილა, რომ „ამერიკელები ვერ იმოგზაურებენ ამ არდადეგებზე.“ მან ასევე თქვა, რომ კორონავირუსის პირობებში 900 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ კანონი, რომელიც 21 დეკემბერს მიიღო კონგრესმა, „მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ უფრო ფართო დამხმარე საშუალებებს შორის, რომლებსაც ის გეგმავს, როცა თანამდებობას დაიკავებს მომავალ თვეში.