რუსეთში დეპუტატებმა გააფართოვეს "უცხოელი აგენტების" კანონი, რომელიც ზღუდავს პრესას და NGO-ებს
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა რამდენიმე საკამათო კანონპროექტი, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის შეფასებით, ძირგამომთხრელია დემოკრატიული პროცესისთვის.
სახელმწიფო სათათბიროს მიერ 23 დეკემბერს დამტკიცებული კანონმდებლობა მოიცავს შესწორებების სერიას "უცხოეთის აგენტების" კამათის საგნად ქცეულ კანონში. ამ კანონით ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, თავიანთი აქტივობის შესახებ უნდა განაცხადონ და ფინანსური აუდიტი უნდა ჩაუტარდეთ.
ცვლილებები ზრდის იმ ინდივიდების და ჯგუფების მასშტაბს, რომლებსაც "უცხოეთის აგენტები" შეიძლება ეწოდოს, შემოაქვს ახალი შეზღუდვები, ახალი სარეგისტრაციო და საინფორმაციო მოთხოვნები და მედიას ავალდებულებს ახსენოს "უცხოეთის აგენტი", როცა ამ ინდივიდებს თუ ჯგუფებს აშუქებს.
ახალი კანონით, "უცხოეთის აგენტების" სიაში უნდა მოხვდნენ ინდივიდები, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ, ან აგროვებენ მასალებს და მონაცემებს რუსეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე.
ამავე დროს, ინდივიდებს, რომლებსაც "უცხოეთის აგენტების" კლასიფიკაციას მიუსადაგებენ, უფლება არ ექნებათ იმუშაონ საჯარო სამსახურში ან მუნიციპალურ მთავრობაში. წერილებს, რომლებითაც ისინი მთავრობას მიმართავენ და სხვა მასალებს, მათ "უცხოეთის აგენტი" უნდა დააწერონ.
გასულ თვეში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეშენალმა მწვავედ გააკრიტიკა კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის "მძლავრად ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც დაფინანსება რუსეთის გარედან აქვთ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც".
სხვა კანონპროექტი, რომელიც ასევე 23 დეკემბერს დამტკიცდა, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც "უცხოეთის აგენტებს" უწოდებენ და რომლებიც ოფიციალურ უწყებებს არ შეატყობინებენ თავიანთ სტატუსს, და/ან მთავრობაში არ განაცხადებენ თავიანთი სამუშაოს შესახებ.
"უცხოეთის აგენტის" კანონი, რომელიც თავდაპირველად 2012 წელს მიღეს, ამ სტატუსის მატარებელი ორგანიზაციებისგან მოითხოვს, განაცხადოს თავიანთი მუშაობის შესახებ და ფინანსური აუდიტი ჩაუტარდეს. კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას განურჩევლად მიუსადაგებენ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და პოლიტიკურ აქტივისტებს, მათ შორის, კრემლის ხმამაღალ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის და მის ანტიკორუფციულ ფონდს.