საფრანგეთმა კვლავ განაახლა ბრიტანეთთან მიმოსვლა
საფრანგეთმა 23 დეკემბერს კვლავ გახსნა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები მას შემდეგ, რაც ევროკავშირის აღმასრულებელმა შტომ გამოსცა რეკომენდაცია, გაუქმდეს ბრიტანეთში მოგზაურობის სრული აკრძალვა, რაც იქ COVID-19-ის ახალი შტამის აღმოჩენის გამო შემოიღო მრავალმა ქვეყანამ.
აღდგა საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები, რაც ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს და ამ ქვეყნებში ცხოვრების უფლების მქონეთ საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, თუკი წარმოადგენენ კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შესახებ საბუთს.
მას მერე, რაც საფრანგეთმა 20 დეკემბერს ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტა, ათასობით სატვირთო ავტომობილი ჩარჩა სამხრეთ ინგლისში, რამაც ქაოსური ვითარება შექმნა შობის წინა პერიოდში.
დიდ ბრიტანეთთან ათობით ქვეყანამ აკრძალა მიმოსვლა მას შემდეგ, რაც ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მკაცრი საკარანტინო ზომები გამოცხადდა, რაც დაკავშირებულია ამ რეგიონებში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელებასთან. ახალი შტამი პირველად სექტემბერში აღმოაჩინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპელი ექსპერტები 23 დეკემბერს ითათბირებენ, როგორ იმოქმედონ მუტირებული შტამის მიმართ. მათი თქმით, „მგზავრობის შეზღუდვა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, სანამ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდეთ“. WHO-ს ევროპის განყოფილების დირექტორმა ჰანს კლუგემ ტვიტერში დაწერა, რომ ორგანიზაცია განიხილავს „ტესტირების, გავრცელების შეკავებისა და კომუნიკაციის რისკების სტრატეგიებს“. მისი თქმით, მომარაგების ჯაჭვები და გადაუდებელი მგზავრობა კვლავაც შესაძლებელი უნდა იყოს.