ვინ როგორ ემზადება მეორე ტურისთვის - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ოქტომბერს
მზადება მეორე ტურისთვის - ვინ შემოხაზავს 5-იანს?
არჩევნების მეორე ტურების წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან - მიზანი ერთიანი სტრატეგიის ქონა და მხარდამჭერების მობილიზაციაა 30 ოქტომბრისთვის, როცა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების მობილიზება არცთუ იოლ ამოცანად და პროგნოზირებად პროცესად მიაჩნიათ ექსპერტებს. მათი შეფასებით, მე-5 ნომრის შემოხაზვა არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება სხვა პარტიების ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილისთვის.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მკაფიოდ მოუწოდებს ამომრჩევლებს - მეორე ტურებში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ. ამ პარტიამ არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით თბილისში 1.18%, ხოლო საქართველოს მასშტაბით - 1.66% მიიღო. "ევროპული საქართველოს" მსგავსად, ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციაში იქნებიან მეორე ტურში დროა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის "გირჩი."
ენმ-ს ახლა ის პარტიებიც უჭერენ მხარს, რომლებიც პირველ ტურში უპირატესად მესამე ძალად პოზიციონირებდნენ: ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია პარტიას "ხალხისთვის", რომლის ლიდერი, ანა დოლიძე დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილას გავიდა (4.59%).
ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციაზე უარს აცხადებს გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“, რომელსაც ენმ-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს სიებით - თბილისსა (8.86 %) თუ მთელ საქართველოში (7.79 %), თავად გიორგი გახარია კი თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მესამე ადგილზე გავიდა და 9,35% მიიღო.
მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ლელა კუნჭულიას სტატიაში.
როგორ უნდა მოიგო მეორე ტური (და მეტი ამომრჩევლის გული)
“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნების წინ უკვე გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყენებდა ხოლმე: ჯარიმების ჩამოწერა, სესხების სუბსიდირება, ოპონენტების მარგინალიზია და დაპირებები მეგაპროექტების განხორციელებაზე.
მეორე ტურისთვის ნაცადი ხერხებიდან მმართველ პარტიას არ გამოუყენებია მხოლოდ ერთი - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა და მისი გამოსახვა ბანერებზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენა.
“მმართველი პარტია ყოველთვის პირველ ტურზევე ცდილობს ხოლმე ყველა რესურსის მობილიზებას, მით უმეტეს ამას ეცადა ამ არჩევნებში, სადაც 43%-იანი ბარიერის თემა აქტუალური იყო. მათ მაქსიმალური მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ეს ბარიერი გადაელახათ” - გვეუბნება სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
და მაინც, რა დარჩა ხელისუფლებას არსენალში მეორე ტურებში მოსაგებად? - ამ კითხვას სვამს ნასტასია არაბული. პასუხები იმაზე, როგორ შეეცდება "ქართული ოცნება" გახდეს ამჯერადაც გამარჯვებული, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ვინ და როგორ გადაყლაპა "ქართულმა ოცნებამ"
რატომ აქვთ პრორუსულ, კონსერვატორ, ჰომოფობიური განწყობების მქონე პარტიებს უფრო და უფრო დაბალი შედეგები არჩევნებში? ხომ არ მიაქვს მათი ხმები "ქართულ ოცნებას", რომელიც რაც უფრო დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, უფრო და უფრო მკაფიოდ აჩენს მის რეალურ სახეს?
„ამ პარტიების მხარდაჭერამ მოიკლო იმის გამო, რომ დიდმა პარტიებმა, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, დაიწყეს მსგავსი რიტორიკით გამოსვლა, რაშიც მაინც და მაინც პრორუსულ რიტორიკას არ ვგულისხმობ. საუბარია, უფრო მეტად კონსერვატიულ-ურაპატრიოტულ რიტორიკაზე, რომელიც შედარებით ნაკლებად იყო დიდი პარტიის საარჩევნო პროგრამაში და რის გამოც ამომრჩეველი პატარა პარტიებთან მიდიოდა ხოლმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელმა, კობა თურმანიძემ.
მეტი პრორუსული დღის წესრიგის მქონე პატარა პარტიების რეიტინგის კლების და მმართველი პარტიის ტრანსფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ცნობილია როდის გაიმართება წელს თბილისობა და რა დაუჯდება ის თბილისის ბიუჯეტს
თბილისობა წელს 24 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრე გაიმართება და ბიუჯეტიდან მისი ორგანიზებისთვს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს არის დანიშნული.
„სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება“, - ასე პასუხობს თბილისის მერია პასუხს კითხვაზე, რატომ არის ღონისძიება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის.
2021 წლის 5 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს კონცერტებსა და ფესტივალებზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 14 აგვისტოდან მოქმედებდა.
ოსური და აფხაზური შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
19-20 ოქტომბერს სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები იგეგმება ოკუპირებულ აფხაზეთში. მასში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა იბრაჰიმ გასეევმა მიიღო აფხაზი კოლეგის ვლადიმერ ანუასგან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მოწვევა.
ოკუპირებული რეგიონების თავდაცვის ძალების ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ე.წ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2009 წელს გაფორმდა.
„აბუკურა“ - იდუმალი პოემა „ვეფხისტყაოსნამდე“
„აბუკურა“ - ასე შეარქვეს ნაწარმოებს, რომლის შესახებ ქართველმა მეცნიერებმა ცოტა რამ იციან, ფართო საზოგადოებამ კი თითქმის არაფერი. ეს ლამაზი და პოეტური თხზულება „ვეფხისტყაოსნამდე“ სულ მცირე 100 წლით ადრე დაიწერა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეუმჩნეველი და დაუფასებელი დარჩა.
თხზულება დაახლოებით 15 გვერდია და მასში საბაწმინდელი ბერის მიქაელის მარტვილობაა აღწერილი. მოქმედება 685-705 წლების იერუსალიმში ხდება. თვითონ ტექსტი კი დაახლოებით X-XI საუკუნეებით თარიღდება.
„აბუკურა“ სხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლებისგან იმით გამოირჩევა, რომ სრულად გარითმულია.
პოეტმა შალვა ბაკურაძემ ამ თხზულებას პოემის ფორმა მისცა და ახლა ამ სახით გამოცემაზე ფიქრობს. მიიჩნევს, რომ ნაწარმოები ძალიან მაღალი დონის პოეზიაა, მით უფრო იმ ეპოქის გათვალისწინებით, რომელშიც ის დაიწერა.
მეტი "აბუკურას" ძველი და ახალი სიცოცხლეების შესახებ წაიკითხეთ თეა თოფურიას სტატიაში.