კახეთში პირველკლასელებს კომპიუტერები ჯერ არ მიუღიათ
4 ოქტომბერს, პირველკლასელებისთვის საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, კახეთის საჯარო სკოლებში, პირველკლასელებს პერსონალური კომპიუტერები ჯერ არ მიუღიათ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა უთხრეს, რომ დედაქალაქიდან რეგიონში კომპიუტერების ჩატანა დაგვიანდა, თუმცა რა არის დაგვიანების მიზეზი, მათ არ იციან.
სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი დაზუსტებით ვერ ამბობს, როდის მიიღებენ პირველკლასელები მათთვის განკუთვნილ კომპიუტერებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მოხდება ან მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირაში.
„პრობლემა შეიქმნა თავად კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნიდან და ქვეყანაში დროულად ვერ ჩამოვიდა. როგორც ჩვენ გვითხრეს, კომპიუტერების ჩამოტანა ხდება ჩინეთიდან და ის უკვე გზაშია“, - თქვა ლია ბეჟაშვილმა.
რადიო თავისუფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ აკონკრეტებენ, რატომ ვერ მიიღეს მოსწავლეებმა დროულად პერსონალური კომპიუტერები.
„პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შესყიდულია საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემი 55 500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი). ტექნიკის გადაცემა მიმდინარეობს ეტაპობრივად“, - განაცხადეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება.